„ოპოზიცია, რომ სასოწარკვეთილია და ისინი ყველანაირ აბსურდულ მოთხოვნას გააჟღერებენ ეს სავსებით ლოგიკურია. ჩვენ ყოველ დღიურ რეჟიმში ვუყურებთ მათ აბსურდულ თეატრს. თუმცა მეორე მხრივ, თავად ევროკავშირის ელჩის გადასაწყვეტია, დადგება ის ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს თუ დადგება გაცამტვერებული, სრულიად არაკომპეტენტური, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციის მხარეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, ოპოზიციის მოთხოვნაზე, არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიება ევროკავშირის ეგიდით ჩატარდეს.
მოთხოვნა ოპოზიციის წევრებმა დღეს, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას გააჟღერეს.
ნინო წილოსანის თქმით, ეს არის რადიკალების მცდელობა, რომ ახალი თემა შემოიტანონ, რადგან ვერც გამოძიებას მიაწოდეს მტკიცებულება და ვერც მხარდამჭერების მობილიზება შეძლეს აქციებისთვის.
ნინო წილოსანი ოპოზიციის და ასევე, რამდენიმე დასავლელი ლიდერის მხრიდან არჩევნების თემაზე საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას აწარმოებს კომპეტენტური ორგანო და საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის.
„თუ განცხადების სტილი, რომ ეს გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს ქვეყნის შიგნით და არამედ საერთაშორისო მასშტაბი უნდა ჰქონდეს, მე მაფიქრებინებს, რომ არ შეიძლება ეს განცხადება მეგობრული და პარტნიორული ხასიათის. და განცხადება, რომელიც ამ ქვეყნის ინსტიტუციებს აყენებს ჩრდილს, გარკვეულ წილად ჩვენს ქვეყანას მოიხსენიებს შეუმდგარ და განუვითარებელ ქვეყნად. ამიტომ, რა თქმა უნდა ვერ ვცემ პატივს ვერც ერთ მსგავს განცხადებას და ვერც მივიღებთ. გამოძიება წარმოებს ქვეყნის შიგნით საკმაოდ კომპეტენტური და შემდგარი ინსტიტუციის მიერ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.