რეზონანსი
06.11.2024

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მილოცვებს იღებს. ის დათვლის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდება.

საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.

ვაჭრობა

საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ 9 თვეში 1 მილიარდ 472 მილიონი დოლარი შეადგინა. დასავლელმა პარტნიორმა, მეზობელი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ უმსხვილესი სავაჭრო მიმართულებების რეიტინგში 8.8%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა წლიურად 10.4%-ით შემცირდა.

აშშ-სთან ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველომ ამერიკიდან 1 მილიარდ 376 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელს 12.4%-ით ჩამორჩება.

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში იმპორტი მთავარ ადგილს იკავებს. რამდენიმე წელია, რაც ეს მაჩვენებელი დადებითი ტრენდს აჩვენებს, რაც ძირითადად ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანის გაზრდილი სტატისტიკით არის განპირობებული. 9 თვეში აშშ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთის შემდეგ 11.5%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წელს ექსპორტ-იმპორტში მთავარი სავაჭრო საქონლის - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია. სწორედ ამან განაპირობა იმპორტის და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვის შემცირებაც. წელს საქართველოში ამერიკიდან 1 მილიარდ 249 მილიონი დოლარის 103 206 ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 118 832 ავტომობილის ღირებულება 1 მილიარდ 489 მილიონ დოლარს აღწევდა.

აშშ-დან იმპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

მსუბუქი ავტომობილი - 1.249 მლრდ დოლარ, 103 206 ცალი;

თხილი და სხვა კაკალი - 18.6 მლნ დოლარი, 3 153 ტონა;

კვების პროდუქტები -5.3 მლნ დოლარი, 129 ტონა;

კოსმეტიკური საშუალებები - 4.6 მლნ დოლარი; 68 ტონა;

მოტოციკლები და ველოსიპედები - 4.4 მლნ დოლარი; 676 ცალი.

გარდა ამისა, ამერიკიდან წელს შევიძინეთ ტანსაცმელი, შინაური ფრინველის ხორცი, ნახმარი ტანსაცმელი, ავტომანქანის ნაწილები, სატვირთო ავტომობილები, სატელეფონო აპარატები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, გაყინული თევზი, და ა.შ.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან აშშ-ში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი მცირეა, თუმცა ამერიკა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2%-იანი წილით მეცხრე ადგილზეა. წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით 95 მილიონ 640 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ექსპორტის ნახევარზე მეტი ადგილობრივი ნაწარმის ფეროშენადნობების გაყიდვაზე მოდის.

აშშ-ში ექსპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

ფეროშენადნობები - 59 მლნ დოლარი, 48 056 ტონა;

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.9 მლნ დოლარი, 994 ტონა;

საფრენი აპარატების ნაწილები - 5.2 მლნ დოლარი, 23.9 ტონა;

შავი ლითონების მილები, მილაკები - 4.9 მლნ დოლარი, 4 632 ტონა;

ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3.8 მლნ დოლარი, 2 596 ტონა;

გარდა ამისა, 9 თვეში ამერიკაში საქართველოდან გავიდა წყალბადი და ინერტული აირები, ეთილის სპირტი, მინერალური წყლები, დაწებებული ფანერა, სუნამოები და ტუალეტის წყალი და სხვა.

ინვესტიციები

2024 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არამხოლოდ ვაჭრობის მიმართულებით იყო მოწინავე ქვეყანა, არამედ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც, რომელიც მხოლოდ აპრილ-ივნისში ინვესტორი ქვეყნების პირველ ათეულში მე-7 ადგილს იკავებდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციები არც ისე დიდია, წელს ამერიკული FDI-ის მოცულობა შემცირებულია. საქსტატის მიხედვით, 6 თვეში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ჩადებული ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 52.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-ივნისში ჯამურად 82.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს ამერიკული ინვესტიციების მოცულობა წლიურად 182 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (2022 წელს 178.7 მლნ დოლარი იყო).

ფულადი გზავნილები

აშშ დაწინაურდა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეიტინგშიც. მხოლოდ სექტემბერში, ქვეყანაში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 49 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-დან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 417 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა 26%-ია. ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში, საქართველო რუსეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

ტურიზმი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მოგზაურობის მაჩვენებელი არც ისე დიდია. ოკეანის გაღმა მდებარე ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობა 327 მილიონი ადამიანია, იანვარ-სექტემბერში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 10.9%-ით გაიზარდა და შედეგად 48 004 ვიზიტი განხორციელდა.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×