წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. მედიასაშუალებების პროგნოზით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ 277 ხმა უკვე აქვს, დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს კი – 226. რეალურად კი ტრამპის უპირატესობა გაცილებით დიდი იქნება. ტრამპს, პრაქტიკულად, მოგებული აქვს ვისკონსინის, მიჩიგანის, პენსილვანიის და ნევადის შტატები, სადაც იგი დიდი უპირატესობით ლიდერობს. ამ შტატებში გამარჯვება კი მას დამატებით 50 ხმას მოუტანს. ბოლო მონაცემებით, პენსილვანიაში ტრამპის გამარჯვება დადასტურებულია და მან კოლეგიის კიდევ 19 ხმა მიითვალა.
სხვათა შორის, ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. როგორც მან დაწერა, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მსოფლიოსთვის და ისრაელის სახელმწიფოსთვის დიდი წარმატების მიღწევა მოხერხდა.
„ვულოცავთ, დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. თქვენი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, თქვენ მიაღწიეთ დიდ წარმატებას ისრაელის სახელმწიფოსთვის და მსოფლიოსთვის. ჩვენ ისტორიულ დროში ვართ და ეჭვგარეშეა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით და მონდომებით შეგიძლიათ აღადგინოთ სტაბილურობა, კეთილდღეობა და უპირველეს ყოვლისა, დაარტყათ ტერორის რეჟიმს თეირანში, ყველაზე დიდ საფრთხეს თავისუფალი სამყაროსთვის“, – დაწერა ელი კოენმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვებას ზეიმობს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო” ავრცელებს.
„დილა მშვიდობისა, უნგრეთო! გზად ლამაზი გამარჯვებისკენ“, – წერს ორბანი სოციალურ მედიაში და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ტელევიზორში საარჩევნო პროცესს ადევნებს თვალს.
„გამარჯვება გარანტირებულია“, – აღინიშნა ორბანმა.