რეზონანსი
05.11.2024

 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სხდომაზე, ხმის მიცემის ფარულობის დასადგენად ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ პოზიცია რამდენიმეჯერ შეიცვალა. ჯერ თქვა, რომ ბიულეტენზე წესის დარღვევა ვერ შეამჩნია, შემდეგ მათ ნაწილზე არსებულ სავარაუდო ხარვეზზე ისაუბრა, ბოლოს კი განაცხადა, რომ ფარულობის პრინციპის დარღვევა ყველა ბიულეტენზე დაინახა. სასამართლო ექსპერიმენტის შემდეგ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება, ზუსტად 22:08 საათზე გამოაცხადა.

ვიდრე ვლადიმერ ხუჭუა 12 უბნის შედეგებს ბათილად ოფიციალურად გამოაცხადებდა, მის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ალეკო ელისაშვილმა 1 საათით ადრე ისაუბრა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ელისაშვილის დროზე ადრე ინფორმირებულობამ დღეს მმართველ გუნდში ეჭვები გააჩინა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკოსმა მოსამართლის საბოლოო ვერდიქტი წინასწარ იცოდა.

დღეს ალეკო ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება, გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, google-ის საძიებო სისტემაში ნახა. პოლიტიკოსმა არც ის უარყო, რომ პრეცედენტული ვერდიქტი მისმა თანაგუნდელებმა კიდევ უფრო ადრე იცოდნენ.

ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცესკოც. საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და წალკის უბნების შესახებ გამოტანილ ვერდიქტს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. კომისიაში ამბობენ, რომ ხუჭუამ ექსპერიმენტი ბიულეტენის დამცავი კონვერტით ჩაატარა, რაც ცალსახად არასწორია.

ხუჭუას მიუკერძოებლობის არც მმართველ გუნდში სჯერათ. სახელისუფლებო პარტიაში დღეს მოსამართლის მეუღლის პოლიტიკურ პოზიციაზეც ისაუბრეს და თქვეს ისიც, რომ ელზა გურგენიძე ოპოზიციის აქტივისტია. "ოცნების" წევრებისთვის ხუჭუას განაჩენი არა ფაქტებით, არამედ აღქმებითაა მოტივირებული.

რატომ დაიწერა არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მხოლოდ 7 საჩივარი 3111 უბანზე - ამ კითხვაზე პასუხს ოპოზიციაში დღეს თავს არიდებდნენ. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების არალეგიტიმურობის დასამტკიცებლად დღეს მხოლოდ მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას ეყრდნობოდნენ.

ოპონენტების და მოსამართლე ხუჭუას ხედვები რომ ემთხვევა, ეს პარლამენტის სპიკერს არ უკვირს. შალვა პაპუაშვილმა დღეს განმარტა, რომ იდენტური სარჩელი 23-დან 22-მა რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რასაც სავარაუდოდ ზემდგომი ინსტანციაც დაადგენს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ წალკისა და თეთრიწყაროს რაიონში 12 უბნის მონაცემები საიას სარჩელის საფუძველზე გააბათილა. გადაწყვეტილებას ცესკოს მოთხოვნით უახლოეს მომავალში სააპელაციო ინსტანციაა განიხილავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×