რეზონანსი
05.11.2024

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო.

„მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა - არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომლებმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ ტექნიკურ შემოწმებას კახა კალაძემ სპეკულაცია უწოდა.

„ეს არის სპეკულაციები. გუშინაც და დღესაც მოისმინეთ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით, თუ როგორ ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნები, როგორი მოცემულობაა. არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, ხავსს ეჭიდებით და ხავსიც აღარ დაგრჩათ. ყველაფერი ცხადი და ნათელია არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საუბარია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×