ოპოზიციის მხარდამჭერი ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ნამდვილად არ მინდა ყოვლისმცოდნეს პიედესტალიდან მედიდურად ვაკრიტიკო ოპოზიცია. აბსოლუტურად მესმის მათ წინაშე მდგარი ყველა სირთულის და ამ სირთულეებზე ვრცლადაც დამიწერია. არც იმას ვამბობ, რომ ჩემი აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა.
თუმცა, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ცხადია მაქვს ჩემს კედელზე ჩემი აზრის გამოხატვის უფლება. ეს აზრი ნაკარნახევია ოპოზიციის დახმარების და არა მისი კრიტიკის სურვილით. ეს აზრი იმეორებს იმას, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს. უბრალოდ, მიმდინარე მოვლენები ამტკიცებს, რომ მე სამწუხაროდ მართალი ვიყავი და რაც დრო გავა, მითუფრო გამოჩნდება ეს სიმართლე. ამიტომ, რაც უფრო ნათელი ხდება რეალობა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო სათქმელი.
საპროტესტო აქციები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ “აი, ვერაფერი მოვიფიქრეთ და მოდით ახლა ხალხო, პრიმიტიულად გადავწყვიტოთ ეს ამბავი. გამოდით ხოლმე გარეთ, იდექით და იდექით სულ. ვერაფერ კონკრეტულს ვერ გეუბნებით. იდექით.” აი, ამას ჰგავს ეს ამბავი.
ვერც ის გავიგე გაგანია სამუშაო საათებში, 2 საათზე რატომ დაიბარეს ხალხი? რატომ სპორტის სასახლესთან?
არა, პრობლემა კი არ არის, მაგრამ „იმედი“ და „პოსტივი“ რომ მოვლენ, ორიოდ ასეულ ადამიანს რომ გადაიღებენ, ამაზე მერე მდინარაძე რომ იღადავებს, ეს დემორალიზაციას მოიტანს.
ვერ გავიგე საიდან და რა არგუმენტებით მოდის ასეთი გეგმები“, - დაწერა კობახიძემ.