საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.
თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
„მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია”, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.