კოალიცია "ცვლილებებისთვის" საარჩევნო შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი კახეთში ავტოავარიას ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სიის 57-ე ნომერი ანა ქართლელიშვილი.
პარტია ახალის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ კოალიცია ბათუმში დღეს დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს.
"ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩავიმუხლოთ, წავიქცეთ, გავჩერდეთ, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი შემართებით, ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა" - განაცხადა გვარამიამ.
"დღეს ჩვენი პარტიისთვის და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა. დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად მანქანაში მყოფი, ავტოავარია მოხდა სამწუხაროდ, ანა ქართლელიშვილი, ქართლელა, როგორც ჩვენ მას ვეძახით, ახლა იბრძვის გადარჩენისთვის.
ჩვენ დღეს გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ელენეს ოჯახს, მის მეგობრებს, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის. ასეთი მძიმე დღეები ჩვენ ჯერ არ გვქონია და იმედია არც არასდროს არ გვენება, ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენი თავი არ გვეკუთვნის, ჩვენი ბრძოლა ეკუთვნის ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს. ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩავიმუხლოთ, წავიქცეთ, გავჩერდეთ, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი შემართებით, ჩვენი სამშობლოს სახელით, ელენეს სახელით და ველოდებით ანას, როდის შემოგვიერთდება. სამწუხაროდ, ელენეს ვეღარ ვნახავთ. მის ნათელ თვალებში ვერ ჩავიხედავთ.
დღეს ჩვენ გვქონდა დაგეგმილი ღონისძიება ბათუმში. მე მინდა ბოდიში მოვუხადო ბათუმელებს, აჭარლებს, ჩვენ ღონისძიებას ვაუქმებთ იმიტომ, რომ უბრალოდ, შეუძლებელია რაიმე სხვაზე ვიფიქროთ გარდა მწუხარებისა ელენს გარდაცვალების გამო და გარდა იმაზე, როგორ დავამარცხოთ სიკვდილი ანასთან ერთად...ჩვენ ვაცნობიერებთ რომ პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პროცესი არ არის ჩვენი საკუთრება, ის არის საზოგადოების საკუთრება, მაგრამ მომხდარის გამო ვიღებთ ამგვარ გადაწყვეტილებას" - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კახეთში ავტოავარია გუშინ მოხდა.