ამათ ჭორაობის გარდა რომ არაფრის თავი აქვთ, ამიტომ მე გადავდგამ ნაბიჯს, რომ მათ ამ სულელური კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეთ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები.
როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს გადასადგმელი ნაბიჯი იქნება პარლამენტში საგამოძიებო ფორმატები.
„ყველა ჩემი გადაწყვეტილება, ქმედება და ნაბიჯი იყო კანონის სრულ შესაბამისობაში. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ მშიშარა და სასოწარკვეთილ ბიჭებს ეს ყველაფერი არჩევნებამდე 1 თვით ან 2 კვირით ადრე ახსენდებათ. როდესაც რაღაც შიშები აქვთ, პროკურატურას უნდა მიმართონ. ველოდებოდი, რომ ჭორაობის გარდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. რომ გამოდიან და ამდენს ჭორაობენ, რაღაც ხომ უნდა გააკეთონ. ამათ ჭორაობის გარდა რომ არაფრის თავი აქვთ, ამიტომ მე გადავდგამ ნაბიჯს, რომ მათ ამ სულელური კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეთ. ეს გადასადგმელი ნაბიჯი იქნება საგამოძიებო ფორმატები პარლამენტის ფარგლებში, რომელიც საზოგადოებისთვის ფართო დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა გახარიამ.
წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდებოდა 20 ივნისის აქციის დაშლა, გახარია პასუხობს, რომ ის არ აპირებს ამ საკითხზე ჭორაობას, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ.
„მე არ ვარ მოსული იმისთვის, რომ ვიჭორავო თუ რა მოხდა 20 ივნისს. რასაც ეს ვაჟბატონები აკეთებენ, ეს არ არის ჩემი სტილი და არც სწორი. ჭორიკნებმა იჭორაონ, მე არ ვჭორაობ. მე ვამბობ, რომ თუ ვინმეს ყველა არჩევნების წინ ახსენდება, რაღაც იდეები, მაშინ ვიმსჯელოთ ამ იდეებზე და დაესვას ამას წერტილი“,- განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“, გახარიას თქმით, მმართველი გუნდი კი არ „შიფრავს“ მათ, არამედ ჭორაობენ.
გახარიას თქმით, ყველა ჭორიკანას საბოლოდ პასუხი მოეთხოვება.
„ჰოდა გაგვშიფრონ. კი არ გვშიფრავენ ჭორაობენ. რაც უფრო მეტს იჭორავებენ, ბრძენი ქართველი ამომრჩეველი ყველაფერს კარგად ხედავს, მე არ დავეცემი იქამდე, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების ემოციებზე ზემოქმედების გამო დავიწყო ჭორაობა. მე ამას არ გავაკეთებ. მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ყველა ჭორიკანას საბოლოდ პასუხს მოვთხოვთ“,- განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, „ქართული ოცნებას“ გადავიდა სისულელეებზე, რაც მისი თქმით, „სამედიცინო დიაგნოზის საკითხია“.
„2 კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს. ახლა, რაც ხდება არის მარტივი დასანახი: „ქართულ ოცნებას“ ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი საარჩევნო სტრატეგიული ხაზები ჩამოეშალა, შესაბამისად, 1 კვირით აიღეს პაუზა, ცოტა დაბნეულები იყვნენ, დამალულები, რაღაცაზე მუშაობდნენ. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმისათვის, რომ ახალი ხაზები დაალაგონ, ამიტომ ისევ ძველ ხაზებს „მიაწვნენ“. როგორც კი „აწვებიან“ ძველ ხაზებს, ხვდებიან ვინ არის მათი ნამდვილი ოპონენტი. აქაც რომ არაფერი აქვთ, გადავიდნენ რაღაც სისულელეებზე. სინამდვილეში ეს არის უკვე სამედიცინო დიაგნოზის საკითხი. ამ ადამიანებს რომ ვუყურებ, მართლა ვთვლი, რომ სამედიცინო დიაგნოზის საკითხია. მე რაც შემეხება და იმ სისულელეებს, რასაც ლაპარაკობენ, ვთვლი და განვიხილავ საკითხს, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა ამ კითხვას და მათთვის განაჩენს გასცემს პასუხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.