რეზონანსი
10.10.2024

ძლიერი საქართველოს ლიდერები, გიორგი მარგველაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე დღეს თელავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა  "ილიას გზა" გააცნეს.

კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებაზე , თელავის და რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მამუკა ხაზარაძემ უპასუხა.

 „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ  განაცხადა, რომ თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში - პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება.

მისი თქმით, საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, უნდა გაიხსნას და პირდაპირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე.

„ყველაფერი იწყება ცნობადობით მთელ მსოფლიოში. ბაზარზე რომ გახვიდე, გჭირდება ცნობადობა, ვიღაცამ უნდა იცოდეს შენი სახელი. საქართველოს ისტორიულად აქვს უზარმაზარი ცნობადობა.

პირველი, ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს 8000-წლოვანი უწყვეტი რთველი, გვაქვს ქვევრი - მსგავსი არავის არ აქვს მთელ მსოფლიოში. იცის ეს მსოფლიომ? არ იცის. ვიღაცას ჰგონია, რომ იცის, მაგრამ არ იცის იმიტომ, რომ ამას ჩვენ ვერ ვთარგმნით შემოსავალში.

მეორე, ჩვენ გვაქვს უნიკალური ზონები, ახაშენის, ქინძმარაულის, მუკუზანის, რაჭაში ხვანჭკარის, მანავი და ა.შ. ვიყენებთ ამას? - ვერ ვიყენებთ, არეულია ეს ყველაფერი. მეღვინეობა იწყება მევენახეობიდან და იწყება ხარისხიდან, შესაბამისად, ჩვენ მთელი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფასი უნდა მერყეობდეს ორ ლარამდე, თეთრ ღვინოზეა საუბარი, თუ ხარისხი იქნება მიღწეული. ამას ბევრი რაღაც სჭირდება, დროის სიმცირის გამო ამ დეტალებში არ შევალ.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში. ამისათვის საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, იგი უნდა გაიხსნას და პირდაპირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე.

ახლა გეტყვით მარტივ მათემატიკას: მსოფლიოში არის 50 მილიონი რეგისტრირებული ღვინის მოყვარული, რომელიც წელიწადში მინიმუმ ხარჯავს 600 დოლარს - 50 მილიონი კაცი წელიწადში ერთხელ მინიმუმ ერთ ღვინის შატოს სტუმრობს მსოფლიოში და ხარჯავს მინიმუმ 600 დოლარს, გაცილებით მეტს ხარჯავს, მაგრამ ძალიან მინიმალურს გეუბნებით. ეს მთლიანობაში არის 30 მილიარდი. პირველ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ 1% წამოვიღოთ 30 მილიარდიდან თელავში, კახეთში. 

ეს ნიშნავს, რომ სუბსიდიები ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და ფული ჩაიდოს ქართული ღვინის ხარისხში და სარეალიზაციო და მარკეტინგში ისე, რომ აქ გლეხმა და ფერმერმა მიიღოს კარგი შემოსავალი, რომ გასაღების ბაზარი გავხსნათ, ამავე დროს, ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავაფინანსოთ საერთაშორისო ჩარტერები, რომელიც თელავს და კახეთს მთელი წლის განმავლობაში ამუშავებს იმიტომ, რომ ღვინის ტურები და თვითმფრინავის დაქირავება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. 

შესაბამისად, ამ ერთი ოპერაციით ჩვენ შევქმნით იმას, რომ პირველ წელიწადს კახეთს ჩვენ მოვუტანთ 300 მილიონ დოლარ შემოსავალს. გადაითვალეთ ერთ სულ მოსახლეზე რა გამოდის, დაახლოებით მილიარდი ლარი და ეს იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გსტუმრობს, ის ხდება ღვინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც მიდის. ეს არის აბსოლუტურად რეალური და პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×