ვერცერთმა აქტორმა ვერ ახსნა, რატომ შეიძლება საქართველოსთვის გამჭვირვალობა იყოს ცუდი, რადიკალები აღშფოთებული არიან, რადგან მათ დეზინფორმაციის კამპანიას წერტილი დაესვა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ გამჭირვალობის სტანდარტი უფრო მაღალი გარანტიებით იქნება დაცული.
„საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ კონსტიტუციის ფონზე პოლიტიკური შოუებისა და დეზინფორმაციის ადგილი არ არის. დეზინფორმაციის გავრცელებას რადიკალური ოპოზიცია და ის აქტორები ცდილობდნენ, რომლებიც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ. ეს კანონი უკვე ძალაშია შესული. ვხედავთ, რომ კანონის ამოქმედებით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი უფრო მაღალი გარანტიებით იქნება დაცული. რადიკალები აღშფოთებული იმიტომ არიან, რომ მათ დეზინფორმაციის კამპანიას წერტილი დაესვა. ვერცერთმა აქტორმა ვერ ახსნა, რატომ შეიძლება საქართველოსთვის გამჭვირვალობა იყოს ცუდი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. დეზინფორმაციით თუ ვინმე ცდილობდა ფონს გასვლას, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის განხორციელებას წინ ვერავინ აღუდგება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.