რეზონანსი
09.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.

„სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.

ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×