ქვეყანაში სიმშვიდისთვის უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდეს ერთპარტიულად ქვეყნის მართვის შესაძლებლობა - ეს განცხადება გიორგი გახარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ორბელიანების სასახლეში კონსულტაციების მესამე დღეს სწორედ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ:
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს მკაფიო პოზიცია- ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ოცნება ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა - ავტორიტარული "ოცნება" და რადიკალური, რევანშისტული იდეები ნაციონალური მოძრაობის...
ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩამოშლილი "ოცნება" უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება , რომ ნაციონალური მოძრაობის ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ, მე საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნები, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობის რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები. " თქვა გახარიამ.