რეზონანსი
04.10.2024

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე" განთავსებულ მორიგ პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".

მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ" გვერდის მართვის ფუნქცია "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.

„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან", რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს" აქვეყნებს.

აშშ-ს საელჩო ამჟამად წერს: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×