რეზონანსი
03.10.2024

კესარია აბრამიძის ოჯახის პირველი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.

მოკლული ქალის ოჯახის პოზიცია დღეს მათმა უფლებამდაცვლმა "პირველებთან" გააჟღერა.

იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.

"არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხირდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება - ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი. სად არის აქ აფექტი ან შეურაცხადობა. ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლებსი აღკვეთას. ოჯახის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების უვადო აღკვეთა", - ამბობს ოჯახის ადვოკატი. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. 26 წლის ბექა ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბექა ჯაიანი შეურაცხადი იყო, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ის ციხის ნაცვლად, კლინიკაში გაუშვან.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს არის ჩანიშნული და როგორც დღეს ბექა ჯაიანის უფლებადამცველმა დააანონსა, ბრალდებული სწორედ შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაარღვევს დუმილს. 

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული. 

ტვ პირველი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×