რეზონანსი
01.10.2024

რუსთავში „კოალიცია ცვლილებისთვის” ყრილობაზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. გვარამიამ მიმართა მათ შორის სტუდენტებს, დევნილებს, ასევე პატიმრებსა და ჯარისკაცებს.

„მინდა, მივმართო სტუდენტებს - ჩემო ძვირფასო, შენ როგორ ისწავლი და ისწავლი თუ არა, ეს ჩვენი ქვეყნის, შენი სამშობლოს, ჩემი, ყველა ჩვენგანის მომავლისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ, ჩვენი “კოალიცია ცვლილებებისათვის” ნომერი 4 ყველაფერს გააკეთებს, რომ იმის გამო, რომ ფული არ გაქვს, არ დარჩე უსწავლელი, მოდი არჩევნებზე და შეცვალე 26 ოქტომბერს იმიტომ, რომ მომავალი შენია!

მინდა, მივმართო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს - არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ეს ქვეყანა, ყველა ქართული ქალაქი თქვენი არ არის, არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ თქვენ ვერ დაბრუნდებით, არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ თქვენ ვინმეს დაავიწყდებით. ჩვენი დაბრუნება არა ომში, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ომი არ იქნება არასდროს, ჩვენი დაბრუნება (ჩვენი იმიტომ, რომ მეც დევნილი ვარ) გადის ევროკავშირზე. ჩვენ შევალთ ევროკავშირში, ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად და მომავალი თქვენია!

მინდა, მივმართო ქართველ მშობლებს - დედებს და მამებს - ძვირფასებო, ჩვენი შვილები, მათი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელშია, ჩვენი სამშობლო მათია და ჩვენ ეს სამშობლო მათ უნდა გადავაბაროთ, რომ მათ მართონ და ეს არის ჩვენი ბედნიერების წინაპირობაც, მათი მომავალი ჩვენი ბედნიერებაა, მათი ბედნიერება ჩვენი მომავალია, მომავალი ჩვენია!

მინდა, მივმართო ქართველ მუშებს, მშრომელ ხალხს - ყველაფერი იქნება ისე, როგორც ევროპული ქვეყნები ამას აკეთებენ. თქვენ იქნებით დაცულები, თქვენზე იზრუნებენ და თქვენ თავს არავის დააჩაგვრინებენ არასდროს. კოალიციის მოსვლის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრები და მომავალი თქვენია!

როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მინდა მივმართო პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ გულშემატკივრებს - მადლობა იმისთვის, რომ მხარს მიჭერდით, ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, რომ ეს მეკონტროლებინა და მე მგონია, რომ ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად, ნებისმიერი პატიმარი ჩვენი საზოგადოების წევრია და ჩვენ მას ველოდებით თავისუფლებაზე და მომავალი მისია!

ჩემო ძვირფასო ჯარისკაცებო, არავის ბოდიშს არ მოვუხდით იმისთვის, რომ თქვენ იცავდით ქვეყანას, მის ინტერესებს იცავდით და მტერს ებრძოდით იმისთვის, რომ სამშობლო გადაგერჩინათ”, - მიმართა გვარამიამ ამომრჩეველს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×