ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში, არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში სინამდვილეში მესამე სექტორი არ არსებობს.
„არსებობს გარკვეული მდიდარი „ენჯეოები", რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება და აქვთ პირდაპირ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მათი ინტერესი საერთოდ არ არის, დააკვირდნენ არჩევნებს. ერთადერთი, რასაც აკვირდებიან, არის, რომ უნდათ, რაღაცნაირად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, თუმცა ეს არის აბსოლუტურად მიუღწეველი შედეგი მათთვის. საქართველოში არ არსებობს ადგილობრივი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ორგანიზაციები. ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება" არჩევნებს, სინამდვილეში, არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან", - განაცხადა პრემიერმა.