რეზონანსი
18.09.2024

2025 წლის 1-ელი იანვრიდან პირველკლასელთა სკოლაში მისვლის ასაკი იცვლება. კერძოდ, 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებოდათ. როგორც კანონში “ზოგადი განათლების შესახებ” ვკითხულობთ, ცვლილება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

2025 წლიდან სკოლებში საბზო საფეხური ერთი წლით გაიზრდება და 4-წლიანი გახდება, ხოლო საშუალო განათლების საფეხური კი ნაცვლად არსებული 3 წლისა, 2-წლიანი იქნება. კერძოდ, დაწყებითი საფეხური იქნება 6 წელი − I−VI კლასები, საბაზო 4 წელი − VII−X კლასები და საშუალო 2 წელი − XI და XII კლასები. ცვლილების თანახმად, მოსწავლემ იმისათვის, რომ საბაზო საფეხური დაძლიოს, არა 9 კლასი (როგორც აქამდე იყო), არამედ 10 კლასი უნდა დაამთავროს. როგორც კანონში “ზოგადი განათლების შესახებ” ვკითხულობთ, ცვლილებები 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.

როგორც კანონში ვკითხულობთ, ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასების დანერგვაზეც ისაუბრა. მინისტრმა ცვლილებების შესახებ გასულ წელს, ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა:

“ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, აღნიშნული პროცესი უკვე აქტიურად დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მე-6 და მე-9 კლასში გვინდა, პირველ ეტაპზე, ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები შემოვიღოთ, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება.

მე-12 კლასში კი ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ბავშვის სკოლიდან, ზოგადი განათლებიდან, უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში ტრანზაქციას ვეძახით. ესეც ბუნებრივია, მოაზრებული ცვლილება იქნება და საზოგადოებას სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს შევთავაზებთ.

თუმცა, აქვე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე-6-მე-9 კლასების პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება. 2026 წელს მე-12 კლასის პილოტირება დაიწყება. სრულად ეს სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

mshoblebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×