"ეს არის ის ვითარება, როცა ქართველები გავიგებთ უამრავ რამეს "ქართული ოცნების" დანაშაულებრივ საქმიანობაზე", - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ფინანსურ და სავიზო სანქციებს.
ცხადია, რომ ფინანსური სანქციები რომ დაედო, გადაადგილების სანქციები უკვე დადებული იყო, უბრალოდ, ეს არ იყო გაცხადებული. ძალიან სწორი არჩევანია. ხარება არის მტარვალი, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული საზოგადოების მტერი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პრეტორიანელი, პირადი დაცვა, პირადი გვარდია. ეს არის განაცხადი, ვინც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, ფეხქვეშ თელავენ ქართველ ახალგაზრდობას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და თმებით დაათრევენ გოგო-ბიჭებს, ეს ხალხი არათუ ვერ გადაადგილდება, არამედ ფინანსური სანქციებიც დაედებათ და მანდ ერთი მნიშვნელოვანი რამე გაითვალისწინეთ: ფინანსური სანქციები თუ ადევთ, ეს ნიშნავს, რომ მათი ანგარიშები და ამ ანგარიშებზე არსებული ფული იპოვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ეს უნდა გავიგოთ, ეს ფული საიდან მოვიდა. ყველაფერი არის წინ. მე მგონია, რომ ეს არის ის ვითარება, რომ ქართველები გავიგებთ უამრავ რამეს "ქართული ოცნების" დანაშაულებრივ საქმიანობაზე მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს მთავარი - პირველ რიგში, გადაწყვეტილება არის ჩვენზე, 26 ოქტომბერს ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ", - ამბობს ნიკა გვარამია.