პოლიცია ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობს და ამ მფარველობის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იტაცებს. ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი კომისიის წევრებს იტაცებენ, პოლიციის ფორმაც კი არ აცვიათ, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ჩასვამენ მანქანაში და შემდეგ აღმოაჩენ, რომ პოლიციამ გაიტაცა. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს , - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა
მისივე თქმით, ყველა ქალაქში და რაიონში ადამიანებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
„ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობენ და ამ მფარველობის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იტაცებენ. ჩვენი ოფისიდან შემოსულს და გასულს ცდილობენ, რომ დააშინონ, მოიტაცონ. ვისზეც მოტაცება და საუბარი არ ჭრის, მერე სცემენ. ასეთი შემთხვევა იყო ახლაც, ამ ადამიანზე საუბარმა არ გაჭრა, ჩვენი კომისიის წევრი სცემეს და საავადმყოფოში მოხვდა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველას დაცვას ვაპირებთ, მათ შორის ხმების დაცვას, ჩვენი კომისიის წევრების, დამკვირვებლების დაცვას და საბოლოო ჯამში, გამარჯვებას არჩევნებში - 26 ოქტომბერს, თუმცა ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან არის, სამწუხაროდ, კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა. ეს ხალხი პირდაპირ ივანიშვილის, გომელაურის და სუს-ის დავალებას ასრულებს.
ყველა ქალაქში, ყველა რაიონში მიმდინარეობს ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა, ადამიანების უმრავლესობა, ცხადია, ამ უსამართლობას არ ეგუება და არც ამ შანტაჟს, არც მუქარას და შესაბამის პასუხს სცემენ, მათ შორის ძალოვან უწყებებს. ადამიანები, რომლებიც იცავენ ხალხის ხმებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს „რუსული ხელისუფლება" ამ ქვეყანას ჩამოაშოროს, ამ ადამიანებს ამ გზით უსწორდებიან და ასე გაუსწორდნენ ჩვენი კომისიის წევრს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ივანიშვილის მხარეს, არის ოპოზიციონერი და აპირებს ხმების დაცვას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დავიცავთ ყველას. არცერთ მათგანს ამ ბრძოლაში მარტო არ დავტოვებთ და ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ.
ამ ადამიანებს პოლიციის ფორმაც კი არ აცვიათ, რომლებიც აკავებენ და „აკაჩავებენ" ჩვენს კომისიის წევრებს, კრიმინალური ჟარგონებით, კრიმინალური მენტალობის ადამიანები ჩასვამენ მანქანაში და ვერც გაიგებ ვის მიჰყავს და შემდეგ აღმოაჩენ, რომ პოლიციამ გაიტაცა. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.