რეზონანსი
15.09.2024

იტალიაში, ქალაქ კატანიაში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პრემიერა დღეს გაიმართება და იტალიურ ენაზე პირველად დაიდგმება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს კიდევ ერთ ისტორიულ საერთაშორისო პროექტს და წარმატებულ საპრემიერო ჩვენებას უსურვებს.

„თბილისის ოპერის თეატრის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში. მასიმო ბელინის სახელობის თეატრის სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ ტრიუმფალური წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ოპერის აჟღერება კი უფრო მეტად გაამყარებს შემოქმედებით კავშირს საქართველოსა და იტალიას შორის.

საგულისხმოა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვებს კი შეასრულებს ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლი „ნანილა“.

სპექტაკლის მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობს დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. მსახიობებთან მუშაობს დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე. სცენოგრაფია ეკუთვნის ლუმგული მურუსიძეს, კოსტიუმების მხატვარია ესტერ მარტინი“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×