რეზონანსი
15.09.2024

ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა სამხედროს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ეროვნული სირცხვილი აჭამა საქართველოს!, - ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

აღნიშნულით იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

„მან ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა სამხედროს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქვეყნისთვის ასეთი სირცხვილის ჭმევისთვის. ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული სირცხვილი აჭამა მთელს საქართველოს. არ ვიცი, როგორ იცხოვრებს ამ სიტყვების შემდეგ. გუშინ, მთელი დღეა ვხედავთ სოციალურ ქსელში გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც ანწუხელიძის გმირობას აზიარებენ, ძალიან შეურაცხყოფილები არიან. ბოდიში ეკუთვნით სამხედროებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ რუსებისგან საქართველოს დასაცავად“,- აღნიშნა კორძაიამ.

გარდა ამისა, მან სენატორ ჯინ შაჰინის მიერ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუზეც ისაუბრა. სადაც ის განმარტავს, რომ კობახიძემ მასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს „ენჯეოების“ მხარდაჭერა.

როგორც კორძაიამ განმარტა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ და ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.

„ალბათ, არ იცის კობახიძემ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტნიორებს უწევთ იმის თქმა, რომ მარტო არ იყვნენ და სხვების ისმენდნენ კობახიძის ამ მოთხოვნებს პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ. ძალიან მძიმეა. ეს აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს. კობახიძე არ იქნება წარმომადგენელი“, - აღნიშნა კორძაიამ.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×