2024 წლის მარტის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ჯამში 259 241 მოქალაქეს აქვს, მათ შორის ყველაზე მეტია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მუნიციპალურ ჭრილში ყველაზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს ახალქალაქის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - მესტიის, ყაზბეგის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
სტატისტიკის თანახმად, მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია, მათ შორის ისტორიული მხარეების მაღალმთიანი დასახლებების მონაცემების მიხედვით, საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია პანკისის ხეობის მაღალმთიან დასახლებებში, ხოლო ყველაზე მაღალი - ისტორიული გუდამაყრის მხარეში.
2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია. 2017-2022 წლებში შობადობის ზოგადი კოეფიციენტი საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში შემცირდა.
2022 წლის მონაცემებით, შობადობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (15.4), მესტიის მუნიციპალიტეტში (14.2), ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში და სამცხე-ჯავახეთში (ადიგენის - 12.7, ასპინძის - 11.3, და დმანისის მუნიციპალიტეტებში - 12.6), ასევე საკმაოდ მაღალია მაღალმთიან აჭარაში (შუახევი - 12.2 და ქედა - 11.5, თუმცა ხულოში უფრო ნაკლებია - 10.5), ხოლო დაბალია თიანეთის მუნიციპალიტეტში (6.3), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (7.9), დუშეთის მუნიციპალიტეტში (8.2), ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (8.6), ონის მუნიციპალიტეტში (8.7) და ცაგერის მუნიციპალიტეტში (8.8), ხოლო ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია შუახევის, მესტიის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
სტატისტიკური მაჩვენებლები თავმოყრილია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.