გიგაური სენატში რაზეც საუბრობდა, კრებითი რადიკალური ოპოზიციის პოზიციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის შეფასებით, გიგაურის გამოსვლა იყო ღალატის და დასმენის აქტი.
„ეკა გიგაურის გამოსვლა იყო ცრუ, ღალატის და დასმენის აქტი, რაც საზოგადოებას არ უკვირს, რადგან ზუსტად ვიცით, მათი მთავარი მიზანი რა არის - დეზინფორმაციითა და სიცრუით ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ისინი ამ საკითხშიც ხელმოცარული არიან, მაგრამ გამაოგნებელია, რა მასშტაბებზე ავიდა ამ ადამიანების ღალატის დონე. არავის უკვირდეს, რომ ის, რაზეც გიგაური საუბრობდა, კრებითი რადიკალური ოპოზიციის პოზიციაა. ასევე იმ გარეაქტორების სახეა, რომლებიც საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას ებრძვიან. ამიტომ ამ ყველაფერს საკადრისი და ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. ეს ღალატისა და ომის პარტია გამანადგურებელ პასუხს მიიღებს 26 ოქტომბერს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა.
„სენატორების განცხადებას რაც შეეხება, სენატორები სიძულვილის ენას როცა იყენებენ და დეზინფორმაციის, სიძულვილის კამპანიის ნაწილი ხდებიან, რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის. ცდებიან, მათ თუ ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ, ზემოდან გვიყურონ, რადგან ამაყი და თავისუფალი ერი ვართ. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყანა და მისი ღირსეული ლიდერები მსგავსი ტექსტებით მოიხსენიონ. ამ ადამიანებს ან ბოდიშის მოხდა მოუწევთ, ან იმ შედეგების პატივისცემა, რაც 26 ოქტომბერს დადგება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.