რეზონანსი
12.09.2024

„ქართული ოცნება" ცდილობს, წარმოაჩინოს, ვითომ ის არის რუსეთის აგრესიის შემჩერებელი ჩვენს ქვეყანაში. ან უნდა შეაჩერო შენი მტერი იმით, რომ ძლიერ პარტნიორებთან ერთად დგახარ, ან უნდა გადახვიდე მტრის მხარეს. გამოდის, რომ ხელისუფლება გადავიდა მტრის მხარეს იმიტომ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობა აღარ აქვს, არის სრულად იზოლირებული , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.

ჯაფარიძემ სენატში გამართულ მოსმენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ერთის მხრივ, „ქართული ოცნების" პროპაგანდას ამსხვრევს, მეორეს მხრივ კი, ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერას წარმოაჩენს.

„ის, რასაც შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ვისმენთ, არის დიდი მხარდაჭერა ჩვენი ხალხისადმი. „ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ აურიოს ხალხს თავგზა, ამომრჩეველს უთხრას, რომ ახლა გვაქვს ცუდი ურთიერთობა დასავლეთთან, თორემ ყველაფერს დავალაგებთ, იმიტომ, რომ მაგრები ვართ. აი, ამ პროპაგანდას ამსხვრევს აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის თაღლითების პარტია. ხოლო, როცა თაღლითად მოიხსენიებს ჯიმ რიში, რომელსაც, მოგეხსენებათ, როგორი ავტორიტეტი აქვს, ეს იძლევა სწორედ იმის საშუალებას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახონ, რომ, რეალურად, „ქართული ოცნება" ცდილობს, კვლავ გააცუროს ჩვენი თანამოქალაქეები თავისი პროპაგანდით, რომელიც არის აგებული სიცრუეზე და ეს არის ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები პირდაპირ არქმევენ საგნებს თავიანთ სახელებს.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან იმსახურებს, რომ „თაღლითების ხელისუფლება" უწოდოს, ასეთი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ხელისუფლებას ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ასეთი შეფასებით სარგებლობდა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან.

სერგო ორჯონიკიძეც თავის დროზე ამბობდა, ძალიან ძლიერები ვართ და არ ვემორჩილებით იმპერიალისტებსო. პრაქტიკულად, „ბოლშევიკების" განცხადებების შინაარსი „ქართული ოცნების" განცხადებებთან თანხვედრაშია. ისინიც იმპერიალისტებად მოიხსენიებდნენ დასავლურ სამყაროს და ბოლშევიკურ რუსეთს წარმოაჩენდა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე სასურველ პარტნიორად და პატრონად.

„ქართული ოცნებაც" მეგობრებს მტრებად მოიხსენიებს და მტრებს მეგობრებს უწოდებს, რადგან ვერც ერთ განცხადებას ვერ ნახავ მთავრობის წარმომადგენლებისგან, სადაც აკრიტიკებენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ყოველ დღე უნდა ვისმენდეთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ „გლობალური ომის პარტიის" სათავო ოფისი არის მოსკოვში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20% დაიკავა, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ამ ყველაფერზე არ საუბრობენ იმიტომ, რომ მათი პარტნიორი და პატრონი რუსეთია. შესაბამისად, ისინი იგივე ტერმინოლოგიით ლანძღავენ აშშ-სა და ევროკავშირს, როგორც ლანძღავს პუტინი, ლავროვი და ზოგადად კრემლი.

ის, რომ რუსეთის გამო რეგიონში სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, არის ძალიან მძიმე გარემოება და, რა თქმა უნდა, ადამიანებს ეს აშინებთ, ბუნებრივია. „ქართული ოცნება" ცდილობს, წარმოაჩინოს, ვითომ ის არის რუსეთის აგრესიის შემჩერებელი ჩვენს ქვეყანაში, რაც არის სრული აბსურდი. რუსეთის შემჩერებელი „ქართული ოცნება" ვერასდროს იყო და ვერც იქნება. ერთადერთი, გამოდის, რომ მაშინ ის მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს იმიტომ, რომ ან უნდა შეაჩერო შენი მტერი იმით, რომ ძლიერ პარტნიორებთან ერთად დგახარ, ან მაშინ უნდა გადახვიდე მტრის მხარეს. გამოდის, რომ „ქართული ოცნება" გადავიდა მტრის მხარეს იმიტომ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობა აღარ აქვს, არის სრულად იზოლირებული " , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×