რეზონანსი
12.09.2024

გასაოცარია, მაგრამ „უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს - დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ , - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.

როგორც კარდინმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ქვეყნები სამართლებრივ სისტემებს ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ.

“უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევთ, მიმართავენ ასეთ კანონებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს. ძალიან შესაშფოთებელია, რომ დემოკრატიები საქართველოდან ინდოეთამდე, თურქეთადმდე თავიანთ სამართლებრივ სისტემებს იყენებენ ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ “უცხოური გავლენის რეგისტრაციის” კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის.

გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს - დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვებოდნენ. ეს [კანონი] საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს არაკომერციული [ორგანიზაციები] და აქტივისტები. ეს სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.

მმართველ “ქართული ოცნების” პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად.

კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან”, - განაცხადა კარდინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×