საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს პარტიამ დაასახელა დელეგატები და აქედანვე დაიწყება რეგიონებში აქტიური მუშაობა.
„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას და რეგიონებში კანდიდატების დასახელება იყო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ უკვე აქედანვე დავიწყოთ უშუალოდ, საველე სამუშაოები. ველზე გასვლა, საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დღეს დავასახელეთ ჩვენ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებში. ანალოგიურად, თბილისის კანდიდატებს დავასახელებთ უახლოეს დღეებში და თბილისშიც დაიწყება აქტიურად მუშაობა.
რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ჯერ ამისათვის გვაქვს დრო. აქედან გამომდინარე, მოგვიანებით გახდება ცნობილი ის, თუ კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია. სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.