პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრებთან წინასაარჩევნოდ რაიმე სახის თანამშრომლობას. მან „ევროპული საქართველოდან“ გასულ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ახალ პარტიას დააფუძნებენ, წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ სხვა პარტიების კრიტიკაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.
„პირადად, არჩევნებამდე სრული მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული დანარჩენი ოპოზიციური ძალებისა და პარტიების რაიმე სახის კრიტიკაზე. ვიღაც მომწონს, ვიღაც არა, ზოგი შეიძლება ძალიან მომწონდეს და ზოგი არა, მაგრამ აბსოლუტურ მორატორიუმს ვაცხადებ. ძვირი არ დამცდება, რაც არ უნდა მლანძღონ ან თუნდაც თავს დაგვესხან მე ან თუნდაც ჩვენს კოალიციას. პირადად, არ ვაპირებ, რომ ხურდა დავუბრუნო. ასე, რომ წარმატებას ვუსურვებ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები“. პარტიის პრეზენტაცია, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.