"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, "ივანიშვილს არ სურს, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ბოლო პერიოდში მოსკოვში ქონება შეიძინა, ამიტომ ამ ინფორმაციას მალავს".
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ აქტივობებს ოლიგარქი რუსეთში პუტინის თანხმობის გარეშე ვერ განახოციელებდა.
რატომ მალავს ივანიშვილი, რომ მან ბოლო პერიოდში შეიძინა ქონება მოსკოვში? იმიტომ მალავს, რომ მას არ უნდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რომ იგი იტყუებოდა. რომ იგი იტყუებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა ბიზნესინტერესები რუსეთში, მისმა ოჯახმა შეიძინა რუსი ოლიგარქებისთვის საყვარელ ადგილზე მიწის ნაკვეთები და საცოხვრებელი სახლი. მას არ უნდა, რომ ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა, მან მიიღოს, მათ შორის, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მოდიოდეს რუსეთიდან. რა თქმა უნდა, ამ აქტივობების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პუტინის და რუსეთის მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს არის ფაქტი. ამიტომ არის, რომ იგი მალავს ამ ქონებას, ამიტომ ჩანს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს არანაირი არგუმენტი, - ამბობს ეკა გიგაური.
OOCRP "ქართულ ოცნებას", რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა, საგანგებო განცხადებით პასუხობს.
ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი ხაზგასმით წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.
წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.
შეგახსენებთ, ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP)-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამა წლის დასაწყისში გადაეცა.
საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52 749 კვ.მ ფართი.
ჟურნალისტურ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" „ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული“ უწოდა.