"ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა", - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძე OOCRP-ის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, ფინანსურ მაქინაციებშია შემჩნეული.
ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, შემჩნეულია ფინანსურ მაქინაციებში: ისინი მალავენ თავიანთ ქონებას და ამასთან, საქართველოს ბიუჯეტში ერთ თეთრსაც კი არ იხდიან. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია, ასევე იმაზე, თუ როგორ მალავენ ივანიშვილის ოჯახის წევრები ქონებას რუსეთში, მაგრამ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP)-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამა წლის დასაწყისში გადაეცა.
საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52 749 კვ.მ ფართი.
ჟურნალისტურ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" „ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული“ უწოდა.