რეზონანსი
11.08.2024

ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რასაც ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, კერძოდ, დადგინდა ჰააგაში, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და დადგინდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ დანაშაულებების გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში.

„ჩვენ დავიცავით ქართული ჯარის ინტერესები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომელიც იყო აბსოლუტურად სამართლიანი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, ეს არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რაზეც დღემდე არც ერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ ასეთი ტიპის დანაშაულები არ იქნება გამოძიებული, შეიძლება, ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკები.  თქვენ იცით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სურს, ხელისუფლებაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ ჩვენ ასეთი რამ, ისინი ძალიან მოკლე ვადებში, მაქსიმუმ 1 კვირაში ჩაიდენენ ისეთივე ქმედებებს, რომელიც კიდევ ერთხელ მიიყვანს საქართველოს ომამდე, რაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა ყველაფერს, იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. თქვენ გახსოვთ მათ პოლიტიკოსების მათი ენჯეოების განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ ომთან დაკავშირებით, თქვენ გახსოვთ მათი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი, მებრძოლი მოხალისეებით სავსე  თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ნიშნავდა, მეორე ფრონტის მომწიფებას. ისინი არ მალავდნენ საკუთარ სურვილს და ინტერესს, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა.

„ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 2018 წელს აცხადებდა, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს.

„ნაცმოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე, დანარჩენს დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×