რეზონანსი
10.08.2024

ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესსაც და ადმინისტრაციასაც, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადმინისტრაციაში, ყოველთვის მსგავსი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ მათ არასდროს უფიქრიათ, რომ რესპუბლიკელების ან დემოკრატების თეთრ სახლში მოსვლის პირობებში რაიმე შეიცვლებოდა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

გარდა ამისა, მან ისაუბრა თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო“.

„რაც შეეხება თავდაცვის უწყებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო. ხელისუფლებას დასჩემდა, რომ „იმედს“ თვითონაც უსმენს და შემდეგ „იმედზე“ რომ რაღაცას ეტყვიან „ასე თქვიო“, იჯერებენ, რომ მართლაც ასე მოხდა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკული შეტევები სწორედ აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს, სენატორების, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების პასუხი იყო და იმ არადემოკრატიული პროცესების, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დიდი გასაქანი მისცა. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ანტიდემოკრატიული კანონის უკანონო გაწვევის პირობებში ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს პროგრამა ისევ აღდგება. იმის იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ამ კანონს გაიწვევს, ამიტომ ოქტომბერში გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ბედი - დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×