უკრაინელი ჯარისკაცების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრა კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დადებითად აისახება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს, არის მცდელობა სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. „სანამ რუსეთის ფედერაცია ჩვენგან შესაბამის აგრესიულ პასუხს არ მიიღებს, ის ყველა ჩვენს წინადადებას რეაგირების გარეშე დატოვებს", თქვა მან.
როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ რუსები ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გარდა ტერიტორიებს დაკარგავენ, ეს მათ ომის ძვირ ფასს შეახსენებს.
„დღეს მათ აქვთ ომი, რომელიც ნელ-ნელა რუსეთის სიღრმისკენ მიიწევს. ეს მათ შეაშინებს? დიახ. შიშის გარდა ისინი სხვა რამეზე რეაგირებენ? არა", - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მტკიცებით, ნებისმიერი კომპრომისი რუსეთთან აღიქმება როგორც სისუსტე. რუსეთი მიდის კომპრომისებზე მხოლოდ მაშინ, როცა ომი მისი გეგმის მიხედვით არ მიდის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.