ირანის ახალმა პრეზიდენტმა აიათოლა ხამენეის სთხოვა, გამანადგურებელი უკუშედეგის თავიდან ასაცილებლად ისრაელთან ომი აირიდონ - ამის შესახებ დასავლეთში მოქმედი მედიასაშუალებები ირანული მედიაწყაროებზე დაყრდნობით წერენ.
მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი შიშობს, რომ ისრაელი საპასუხო იერიშებს ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიიტანს, რაც ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
დასავლური მედიების ცნობით, ირანმა შესაძლოა ისრაელზე მასშტაბური პირდაპირი თავდასხმა გადაიფიქროს, თუმცა საფრთხედ რჩება ლიბანში მოქმედი ჰეზბოლა. CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეზბოლა, სავარაუდოდ, ისრაელზე იერიშს მაინც მიიტანს. ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ „ჰეზბოლა“ არაპროპორციულად მაღალ ფასს გადაიხდის, თუ მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხმება.