დღეიდან კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანდიდატს არ ევალება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა.
აუცილებელია, კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან/და ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი საჯარო უწყება გამოითხოვს. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა.
სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ. ამასთან, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვოს შესაბამისი განათლების და აკადემიური მოსწრების ინფორმაცია/დოკუმენტები.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.
საჯარო დაწესებულებების მასშტაბით 4-თვიან სტაჟირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან 3000-მდე მსურველი გაივლის.
კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული - https://hr.gov.ge/?vacancyNum=47