„ევროპულ საქართველოში" არატრადიციულად მოიქცნენ, ყველა თუ ერთიანდებოდა, ისინი დაიშალნენ და გაიყვნენ, არ მგონია, ამ განაყოფებს ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვის რაიმე პოტენციალი ჰქონდეთ, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს შეფასებით, „ევროპული საქართველო" ამ არჩევნებს გამოტოვებს, „გირჩი" კი ეცდება, რომ მათი ამომრჩევლის ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვოს.
„იდეალური იქნებოდა, „გირჩის" გარდა დანარჩენი ოპოზიცია ერთ გაერთიანებად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ასეთი რამე არ მოხდა. არაუშავს 2-3 ცენტრიც ნორმალურია, გირჩისთვის ესეც კარგი სცენარია. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს", ისინი არატრადიციულად მოიქცნენ. ყველა თუ ერთიანდებოდა, ისინი დაიშალნენ და გაიყვნენ. არ მგონია, რომ ამ განაყოფებს ცალ-ცალკე რაიმე პოტენციალი ჰქონდეს ბარიერის გადალახვის. ალბათ ბატონი ბობოხიძე და წერეთელი სადმე გაერთიანდებიან, მაგრამ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი არ მგონია, ვინმემ მიიღოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ახლაა. ის პარტიული რესურსი რაც ჰქონდათ, ისიც აღარ აქვთ. ალბათ ისინი ამ არჩევნებს გამოტოვებენ და ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ამომრჩევლის ნაწილი წავიყვანოთ", - აღნიშნა საბომ.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო" დატოვეს. როგორც გიგა ბოკერიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.