ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდზე მეტი უცხოეთში ნაშოვნი თანხა აქვს დახარჯული საქართველოსთვის და ხაზარაძე მილიარდ-ნახევარს სთხოვს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა „ლელოს" სახით ახლა უკვე ბოლომდე დაინახა თუ რა პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებასთან აქვს საქმე.
„საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად საკონტროლო გასროლა გააკეთა ამ სასამართლომ „ლელოს" მიმართ. მათ შეუძლიათ უკვე ქუდი დაიხურონ და სახლში წავიდნენ. რეალურად საზოგადოებამ, ვისაც ოდნავ კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ ჰქონდა, დაინახა, რა პოლიტიკურ პარტიასთან და პიროვნებებთან აქვს საქმე. წარმოიდგინეთ, უნდათ, რომ კონკურენცია გაუწიონ ბიძინა ივანიშვილს, მის ხელისუფლებას და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდზე მეტი უცხოეთში ნაშოვნი თანხა აქვს დახარჯული საქართველოსთვის და ხაზარაძე მილიარდ-ნახევარს სთხოვს ქართველ ხალხს. აი, წინასაარჩევნო კამპანიისთვის რას ამბობს ხაზარაძე - ამირჩიეთ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ მილიარდ-ნახევარი მერე ჯიბიდან ამოგაცალოთ და ჩავიდო ჩემს ჯიბეშიო", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.