რეზონანსი
02.08.2024

„პარლამენტისგან პოლიტიკური თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობა უნდა დადგინდეს, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ ვიცით, კონკრეტულად რამდენი ლარით განისაზღვრება", - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.

ცნობისთვის, მინიმალური ხელფასი საქართველოში 1999 წელს განისაზღვრა და თვეში მხოლოდ 20 ლარს შეადგენს. ეს თანხა კი ქვეყნის საარსებო მინიმუმსა და საშუალო ხელფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს „საქსტატის" მიერ დაანგარიშებული წლიური საშუალო ხელფასის 40%-მდე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტს 2023 წლის ბოლოს მიმართა.

როგორც ახლა ირაკლი პეტრიაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდის და ღირსეული ოდენობით განსაზღვრის შესახებ საპარლამენტო კომიტეტებზე განხილულ იქნა და შენიშვნებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განსახილველად გადაეგზავნა.

„ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პარლამენტმა კომიტეტებზე განიხილა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, რათა შენიშვნების განხილვა მოხდეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე. ამის შემდეგ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან გვქონდა შეხვედრა, როცა ევროპის პროფკავშირების თავმჯდომარე იყო ჩამოსული და იქაც განვიხილეთ ეს საკითხი. 13 აგვისტოს გაიმართება კომისიის შეხვედრა, სადაც ხელი მოეწერება „ღირსეული ქვეყნის" პროგრამას და იმედი მაქვს, რომ ამ თემაზეც ვიმსჯელებთ.

ვერ გეტყვით, რამდენად ადეკვატური ზღვარი დადგინდება, რადგან ამაზე პროფკავშირებს თავისი შეხედულება აქვს, მთავრობას თავისი რისკები და შეხედულებები და ბიზნესის პოზიცია თქვენც იცით. ამიტომ არ ვიცი, რამდენად მოხდება კონსესუსი რომ მინიმალური ხელფასი წლიური საშუალო ხელფასის 40%-ის ტოლი იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გარდაუვალია ცვლილება და ის, რომ მინიმალური ხელფასი საქართველოში ასეთი სამარცხვინო აღარ იყოს. მითუმეტეს, რომ ეს საკითხი, ევროკავშირის მიმართ 9 რეკომენდაციის შესრულების ვალდებულებაში შედის",- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, საპარლამენტო კომიტეტებმა კანონპროექტში დაამატეს შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლოა, მათ მიერ მოთხოვნილმა ზღვარმა, თუ რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი, დაიწიოს.

„როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჯანდაცვის კომიტეტმა, შენიშვნებში დაწერა, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას მხოლოდ საშუალო ხელფასის ფაქტორი არ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ ისეთი პარამეტრებიც, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ზღვარი შეიძლება დაწეულ იქნას, თუმცა, 20 ლარი ნამდვილად აღარ იქნება. ჩვენ ეს რიცხვი ავიღეთ მსოფლიო ბანკის კვლევებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასის საშუალო ხელფასის 50%-ის ფარგლებში დაწესება ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის აპოკალიფსი არ იქნება. ჩვენ კი, გავითვალისწინეთ ბიზნესის წუხილი, უფრო სწორად, მთავრობაზე გავლენა და მოკრძალებულად ავიღეთ 40%. თუ როდის იქცევა ეს კანონპროექტი კანონად, ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა," - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×