დაკითხვების სერია ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე - გამომძიებლების კითხვებს "საქართველო -უზბეკეთის სავაჭრო სახლის“ დირექტორმა უპასუხა.
ელიზბარ რაქვიაშვილი სავარაუდო ტერაქტის საქმეზე სუს-ში დღეს დაიბარეს.
თავად უწყებიდან გამოსული ბიზნესმენი საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ლილუაშვილის უწყებაში ადასტურებენ, რომ ის მოწმის სტატუსით სწორედ სავარაუდო ტერაქტის საქმეზე გამოკითხეს.
”რა ტერორისტი, რა გინდათ?, რა გინდათ, ვერ გავიგე. ვინ გითხრა, რაზე ვარ? არა, რა ტერორისტი, რა გინდა, არ ვყოფილვარ გამოძიებასთან დაკავშირებით. არაფერი არავისთვის არ მიმიცია. რა სახელმწიფო? პირად საქმეზე ვიყავი”, - განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.
ამასთან, მედიამ მას ჰკითხა, სუს-ში შესვლის დროს, რატომ უარყო, რომ ელიზბარ რაქვიაშვილია, რაზეც ბიზნესმენმა თქვა:
“რატომ გგონიათ, რომ ელიზბარი ვარ? რომ გადაამოწმე [ვინაობა] მერე რაა?”, - მიმართა მან ჟურნალისტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.
23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“
მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
12 ივნისს სუს-ის უფროსმა აღნიშნულ თემაზე თქვა, რომ "გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის".