რეზონანსი
30.05.2024

ამას რომ აჩერებ [„ფეა თრიიზი" პროექტს], ეჭვს ბადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც რესურსების მობილიზება გქონდა იმისათვის, რომ შემდეგ ეს „ლელოს" თავის საარჩევნო პროგრამაში გამოეყენებინა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ფონდი „ფეა თრიიზ" მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, პროგრამის შეჩერება, მითუმეტეს, უცხოური გავლენის პოზიტიურად წარმოჩენა, გაუგებარია.

„ბორდი, სადაც ბადრი ჯაფარიძე მონაწილე თუ ხელმძღვანელია, ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც სერიოზულ და შემოსავლიან ბიზნესს აკეთებენ საქართველოში. კერძოდ, ფიჭვის უნიკალური გირჩი ექსპორტზე გააქვთ და აქედან დიდი შემოსავალი აქვთ. თუ ამ შემოსავლიდან რაიმე ნაწილს სოციალურ პროგრამასაც მოახმარენ, რასაკვირველია, ეს იქნება ის სტანდარტი, რომელიც ევროპას უნდა ახასიათებდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი ქველმოქმედება, როცა ამ მხარის, კუთხის და ადამიანების საშუალებით სერიოზულ ფულს შოულობ, ნორმალური გადაწყვეტილებაა.

ამას რომ აჩერებ [„ფეა თრიიზი" პროექტს], ეჭვს ბადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც რესურსების მობილიზება გქონდა იმისათვის, რომ შემდეგ ეს „ლელოს" თავის საარჩევნო პროგრამაში გამოეყენებინა. არ ვამბობ, რომ ეს ასეა, მაგრამ ეჭვებს ბადებს. მაგრამ პროგრამის შეჩერება, მითუმეტეს, უცხოური გავლენის პოზიტიურად წარმოჩენა, გაუგებარია. თუ სათაურთან აქვთ პრეტენზია, „ლელოს" თავიდანვე შეეძლო ეს ეთქვა. გავლენა მხოლოდ უარყოფითი არ არის, რატომ განიხილავენ უარყოფითად? - შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა, რომ უცხოური გავლენით კეთდება ასეთი მშვენიერი საქმე. მაგრამ საქმე სხვა რამეშია, ჩვენ ვალი არავისთან გვაქვს. ეს ადამიანები ბიზნესში არიან ჩართულები, გარკვეულ თანხას ალბათ ბიუჯეტშიც იხდიან. პოლიკლინიკას მუნიციპალიტეტი დაასრულებს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ფონდმა „ფეა თრიიზ" გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი. წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×