რეზონანსი
30.05.2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ოპოზიციას შეეძლო პრემიერ-მინისტრისთვის ინტერპელაციით მიემართა, მაგრამ დისკუსიასა და დებატებში შესვლა ვერ გაბედეს.

"ესეც აჩვენებს, რომ მყვირალა ფრაზების უკან სინამდვილეში რადიკალური დღის წესრიგის მქონე რამდენიმე ადამიანის ჯგუფი დგას, რომელიც თავს პოლიტიკოსს უწოდებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, 31 მაისს აღარ მოუსმენს.

"პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც ბახმაროს საკითხს შეეხებოდა. ინტერპელაციის მომართვა დეპუტატების შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადდა, მაგრამ ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოაცხადეს, როგორც ჩანს, საკუთარ ინტერპელაციასაც ბოიკოტი გამოუცხადეს და ის არ შედგება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო მუშაობასთან თუ რა დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის მოსახლეობის ინტერესებთანაც, რომელსაც ისინი თითქოსდა წარმოადგენენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა რეგლამენტი და ბოიკოტის გამოცხადების პროცედურა.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბოიკოტი მოქმედებს და შეიძლება გამოცხადდეს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საქმიანობისთვის, პლენარული სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება, ეს ოპოზიციის გარკვეული ტრადიციაა და ახლა საერთოდ ახალ მწვერვალს მიაღწიეს - საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი. მათ მიერ დაყენებულ საკითხს, რომ მინისტრი მოსულიყო და "კრიტიკის ქარცეცხლში" უნდა გაეტარებინათ, ამ საკითხს გამოუცხადეს ბოიკოტი. ეს მგონი, მსოფლიო საპარლამენტო ისტორიისთვის უნიკალური შემთხვევაა, მაგრამ რა ვქნათ? ასეთ მდგომარეობაშია დღეისათვის ოპოზიცია და ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×