ჩვენ ევროპაში გვინდა შევიდეთ როგორც თანასწორი ქვეყანა და არა როგორც პერიფერიული რეგიონი, რაღაც ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საუბრისას „ქრონიკას" განუცხადა.
„ფიქრობენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი კი არის, მაგრამ გარკვეული პირობებით და დათქმებით. ანუ, ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი ხალხის სუვერენიტეტი, რომ თავისი ბედი თავად განსაზღვროს, ამას გარკვეული დათქმები აქვს და ზოგს შიგნით და გარეთ წარმოუდგენია, რომ ჩვენ გვყავს მეურვეები ქვეყნის გარეთ და ჯერ რაღაც არასრულფასოვანი ერი ვართ, ხალხი ვართ თუ სახელმწიფო ვართ და რაღაც ჩვენი არასრულფასოვნების გამო სრულად არ გვაქვს უფლება, რომ ვიმოქმედოთ.
ჩვენ ევროპაში გვინდა შევიდეთ როგორც თანასწორი ქვეყანა და არა როგორც პერიფერიული რეგიონი, რაღაც ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებზე", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რა დგას პროტესტის უკან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„ერთი მთავარი პრინციპული საკითხი იყო, რატომაც იყო ასეთი წინააღმდეგობა. ეს იყო თავად საკითხი, რომ გაბედეს საქართველოს მოქალაქეებმა და თქვეს რომ დონორებმა აქ ასე თავისუფლად კი არ უნდა ხარჯონ ფული, არამედ, საქართველოს მოქალაქეების წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებული. შემოდიოდნენ, თავის გემოზე, როგორც უნდათ, თავისი პოლიტიკური გემოვნებით, მათ შორის, პირდაპირ პოლიტიკურ პროექტებს აფინანსებდნენ საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.