
26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყველა ის სფერო ჩამოთვალა, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან უნდა გათავისუფლდეს. საუბარია ბიზნესზე, კულტურაზე, სასამართლოზე, სპორტსმენებსა და საჯარო მოხელეებზე.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ერთპარტიულობა და ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება საბჭოტა გადამონაშთია.
ეს არის გზა გათავისუფლების, რომელიც უთუოდ გასავლელია. და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება პოლიტიკურ სივრცეს: საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება.
საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა - წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი - დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში, - განაცხადა პრეზიდენტმა.