რეზონანსი
01.03.2024

ისრაელი ვალდებულია ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა.

კამერონმა კომენტარი გააკეთა გუშინდელ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, „სასწრაფო გამოძიება და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს".

„არ შეგვიძლია გუშინდელი ამბის არასაკმარისი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებებისგან განცალკევება. თებერვალში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების მხოლოდ ნახევარმა შეაღწია, ვიდრე იანვარში. ეს უბრალოდ მიუღებელია.

ისრაელს ვალდებულება აქვს უზრუნველყოს, რომ ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს. პრობლემების სერია დავადგინეთ, რომლებიც მოსაგვარებელია: ისრაელმა სასწრაფოდ უნდა გახსნას მეტი შესასვლელი ღაზაში; გააუქმოს ბიუროკრატიული შეფერხებები; დაუშვას ჰუმანიტარული მისიები ღაზაში; უზრუნველყოს კონფლიქტის თავიდან არიდების მტკიცე მექანიზმის არსებობა ჩვეულებრივი პალესტინელების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმებისა და სხვების დასაცავად, ვინც ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფენ...

ეს ტრაგედია მხოლოდ ხაზს უსვამს დაუყოვნებელი ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ბრძოლაში მნიშვნელოვანი პაუზა ერთადერთი გზაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების საჭირო მასშტაბით შესატანად და იმ მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც "ჰამასს" ჰყავს აყვანილი," - განაცხადა კამერონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×