რეზონანსი
01.03.2024

ამნისტიას თუ ვინმე იმიტომ აკეთებს, რომ მიზნად და ამოცანად სააკაშვილისთვის რამე შემსუბუქება აქვს, ამაზე არასწორ, არასახელმწიფოებრივ, არასაზოგადოებრივს ვერ გააკეთებ ადამიანი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ლელო" და გახარიას პარტია ამნისტიის აქტს მხარს არ უჭერენ, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ეშინიათ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამნისტიაზე საუბრისას არ შეიძლება პარალელურად რომელიმე კონკრეტულ გვარსა და სახელზე ისაუბრო.

„რა შუაშია აქ სააკაშვილი ამ საკითხში? სააკაშვილის იქეთ ვერაფერს ვერ ვხედავთ და არ ვხედავთ? ეს იმ ხალხმა იდარდოს, ვისაც ვერაფერი ვერ წარმოუდგენია ამ ქვეყანაში სააკაშვილის თემის გარეშე და გააუბედურეს ის კაცი სწორედ ამიტომ. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და რა ვქნა ახლა, მე მივცე მოქალაქეობა, რომელზეც თვითონ თქვა უარი? ამნისტიასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება საერთოდ გვარზე და სახელზე ილაპარაკო.

ამნისტიას თუ ვინმე იმიტომ აკეთებს, რომ მიზნად და ამოცანად სააკაშვილისთვის რამე შემსუბუქება აქვს, ამაზე არასწორ, არასახელმწიფოებრივ, არასაზოგადოებრივს ვერ გააკეთებ ადამიანი. ამ ერთის გათავისუფლების ამოცანა მაქვს მე და თუ ამას კიდევ ათასი სხვა ბოროტმოქმედი გაჰყვება, ეს არ მადარდებსო, ამას ამბობს ვინმე? ამნისტია არის არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ მოქმედებაზე, რომელსაც მოჰყვება ათასი ადამიანი. მე ერთი ცალი ან ნათესავი მყავს, ან ბიძაშვილი მყავს, ან პოლიტიკური ლიდერი მყავს და ამის გამო ამ მუხლით გასამართლებულ ათას ადამიანს გავუღო ციხის კარი და მერე ვთქვა, რომ მე ამას ვაკეთებ ქვეყნის სასარგებლოდ, ცოტა უხერხულია ამის დაჯერება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2012 წელს „ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტის გარკვეული ნაწილი შეცდომა აღმოჩნდა.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მოვაწერე ხელი ამნისტიას პრეზიდენტის ნაცვლად იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი. იმ ხელმოწერის ერთ ნაწილს მე ყოველთვის დავიცავ და მხარს ვუჭერ. მჯეროდა და იმიტომ მოვაწერე ხელი, კი არავინ დამაძალა, მაგრამ ძალიან ხშირადაა, როცა რაღაც გჯერა და აღმოჩნდება შეცდომა. მთლიანად და სრულად არა, მაგრამ მაშინდელი ამნისტიის ერთი ნაწილი აღმოჩნდა შეცდომა. იმ ამნისტიაში მოხვედრილი ყველა ადამიანი არ მგონია, რომ საამნისტიო იყო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული თემა დიდი ხნის წინ მომზადდა პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

„ეს თემა რომ ჰქონდათ მათ პროპაგანდისტულად მომზადებული, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით. ეს არის შარშანდელი განცდილი მარცხის სხვა მხრიდან მოგვარების მცდელობა. ჯერ არც კი უთქვამთ რას გულისხმობენ და უკვე დაიწყეს, რომ „ვინც ამაში არ ჩაერთვება, ესე იგი ის არის". ამას დიდი ფილოსოფია და გაშიფვრა უნდა, თუ რისკენაა მიმართული? დაწერონ რაზეა ლაპარაკი და შემდეგ ვილაპარაკებთ კონკრეტულად და საგნობრივად. მე მზად ვარ წავიკითხო ნებისმიერი ინიციატივა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ლელო" საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში მონაწილეობას, დავით უსუფაშვილი პასუხობს, რომ „რაღაც მოუვიდათ თავში, დაწერონ რაზეა ლაპარაკი. თუ კონსულტაცია სჭირდებათ ვინმესი, თავად დაუძახებენ. პოლიტიკურ შანტაჟში რატომ უნდა შევაბიჯო ფართო ნაბიჯებით?"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×