რეზონანსი
26.02.2024

ონკოპაციენტებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.

ორგანიზაციამ კავშირი სიცოცხლისთვის დღეს კანცელარიასთან თემაზე პრესკონფერენცია გამართა და პრემიერმინისტრის სახელზე ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა. ისინი ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ. ორგანიზაციამ მომდევნო საპროტესტო აქცია 3 მარტს, პარლამენტთან დააანონსა

"3 მარტს, დედის დღეს, 3 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ონკოპაციენტები და სახელმწიფოსგან ვითხოვთ ყურადღებას. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდით.

შარშან ყველანი სიხარულით შევხვდით მთავრობის ინიციატივას კიბოს უფასოდ მკურნალობის შესახებ. ჩვენ დაგვპირდნენ უწყვეტ და უფასო მკურნალობას, სინამდვილეში კი სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანებს საქართველოში მუდმივად უგვიანდებათ დაფინანსება, ეძებენ გადარჩენის გზებს და ხშირად ვერ შოულობენ წამლებს.

ჩვენ ვითხოვთ:

1. სახელმწიფომ შეუფერხებლად დააფინანსოს ონკოპაციენტების მკურნალობა და მოხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი.

2. დროულად შემოიტანონ მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული.

3. გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.

ჩვენს ქვეყანაში კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 10 000 ადამიანს უსვამენ და დღეს საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახმა იცის, რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა.

ჩვენ გვჭირდება მზრუნველი ჯანდაცვის სისტემა! შემოგვიერთდით, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა და სათქმელი როგორც პარლამენტს, ისე კანცელარიას. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება.

გელოდებით, 3 მარტს 3 საათზე, პარლამენტის წინ!", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "მინდა ვიცოცხლო" მთავრობის ადმინისტრაციასთან 12 თებერვალსაც გამართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×