რეზონანსი
22.02.2024

ერთი [ოპოზიციის] ვიცე-სპიკერის პოსტი როგორ დაგაზიანებთ ახლა თქვენ? არ ზიანდებით, იქცევით უკანონოდ, ჯინაზე და თავხედურად! დაახლოებით, ასეთი მოქცევაა - „გაგვდის, ხოში გვაქვს და ვაკეთებთ რა", - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მორცხვობს და „მათ ჰგონიათ, რომ მათი კუთვნილი ვიცე-სპიკერის პოსტზე თუ ხმას ამოიღებენ, ეს თანამდებობებისთვის ბრძოლაა".

„ვიცე-სპიკერის პოსტი თანამდებობა და პრივილეგია კი არ არის, არამედ არის პოლიტიკური ბერკეტი, პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ვიცე-სპიკერს საკუთარი წონა აქვს საგარეო ურთიერთობებში. თქვენ გუშინ დაამტკიცეთ ვიცე-სპიკერი, ერთი თვის წინ კიდევ მეორე ვიცე-სპიკერი. „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილმა გუშინ ხმა დაგიჭირათ თქვენ და თქვენ კიდე სამარცხვინოდ ოთხი წელი გადის, პარლამენტი მთავრდება და ვიცე-სპიკერის კუთვნილი პოსტი არ მიგიციათ იმის გამო, რომ თურმე ლევან ბეჟაშვილმა ხელი არ დააჭირა იუსტიციის საბჭოში კანდიდატურას? რაღაცა პერსონალური გართულება ჰქონდათ, რომ თურმე ისე არ მოიქცა და არ მოგეწონათ თქვენ, მაგრამ სხვა აირჩიეთ ხომ უამრავია? თუ ერთი არ გინდათ, ჩააგდეთ, მაგრამ პროცედურულად მეორე, მესამე, მეოთხე ხომ არის? რატომ აკეთებთ ამას? ერთი ვიცე-სპიკერის პოსტი როგორ დაგაზიანებთ ახლა თქვენ? ამ სტატუსით ახლა ვიღაცა უცხოეთში 1-2-ჯერ მეტჯერ თუ წავა, თქვენ რაში ზიანდებით? არ ზიანდებით! ელემენტარულად იქცევით უკანონოდ, ჯინაზე და თავხედურად. „გაგვდის, ხოში გვაქვს და ვაკეთებთ რა" - დაახლოებით ასეთი მოქცევაა. ეს არ ეკადრება პარლამენტს", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად გუშინ აირჩიეს. ამ დროისთვის, პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×