ნიკა მელია ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა „ნაცმოძრაობაში" პოზიციების აღდგენას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია, დაახლოებით ერთი პროცენტი წაართვას „ნაცმოძრაობას".
„ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან", ვიდრე არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე. თავმოყვარე კაცი აქამდე უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან", თუმცა ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ის ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა „ნაცმოძრაობაში" პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში, მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია, დაახლოებით ერთი პროცენტი წაართვას „ნაცმოძრაობას". შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" და პარტიას აფუძნებს.