რეზონანსი
07.12.2023

გვაქვს ჩვენი თავის და ხალხის იმედი, რომ ნებისმიერ ბარიერზე მოვნახავთ გასაღებს და გადავლახავთ, - ამის შესახებ „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან იმ პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სხვა პარტიის წევრები არ არიან.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხიდან ტექნიკურ გამოსავალს იპოვიან.

„ტექნიკურ გამოსავალს ვიპოვით. ვებრძვით სისტემას, რომელიც კანონს იყენებს ტექნიკური მანიპულაციისთვის. კარგად გვესმის, რაც არ უნდა მოიფიქრონ, გამოსავალი არსებობს. ამაზე გვიფიქრია. ვერაფერი შეაფერხებს ჩვენი და „გირჩის" ერთად მუშაობას როგორც ამომრჩეველთან და იმ პროექტებზე, რითაც ვართ დაკავებული. შექმნის ტექნიკურ სირთულეებს, თუმცა გარანტიას ვიძლევი, გადავლახავთ ედა ეს ჩვენთვის ბარიერი ვერ იქნება", - განაცხადა ხოშტარიამ.

გარდა ამისა, ხოშტარიამ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი მიმდინარეა და ამიტომ ზუსტ პროგნოზს ვერავინ იტყვის, თუმცა უკრაინის გაწევრიანების შესახებ ორბანის პოზიციაზე ხოშტარია ამბობს, რომ „ამან პროცესი გაართულა".

„ვხედავთ, რომ უკრაინის ინტერესებს არაერთი აქტორი ებრძვის. ორბანი ჩამოყალიბდა ამ საკითხში რუსეთის ინტერესების გამტარად. ორბანი წარმოადგენს პრობლემას. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანასთან თავდასხმით და აგრესიით ლაპარაკობს და ომში ჩართვის ბრალდებებს ისვრის მათი მიმართულებით. ერთადერთი პარტნიორი ჰყავს ორბანი, რომელიც ობიექტურად ჩამოყალიბდა პრობლემად ევროპაში და განხეთქილების საკითხად. ვერავინ იტყვის ზუსტ პროგნოზს. ახლა მიმდინარეა ეს პროცესები, ვერ ვიტყვი, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამან პროცესი გაართულა",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უნგრეთში ვიზიტს, როგორც ხოშტარია ამბობს, მოლოდინი ვერ ექნება, რომ „ქართული ოცნება" ევროპულ დღის წესრიგს გულშემატკივრობს".

„იმის მოლოდინი ვერ მექნება, რომ „ქართული ოცნება" ევროპულ დღის წესრიგს გულშემატკივრობს. სტატუსის რეკომენდაციამდე ყველაფერი გააკეთეს - ლანძღვა ევროპელი პარტნიორების; დაბრალება. რომ ომში უნდათ ჩვენი ჩათრევა; რომ სტატუსი არაფერს წარმოადგენს და სიმბოლურია; ყველაფერი, რაც დაგვიწერეს რომ არ გავაკეთოთ, ის გააკეთეს - იმპიჩმენტის, მურუსიძის დაწინაურების და გვარამიას დაჭერის ჩათვლით. ამიტომ არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნება" სადმე ლობირებს სტატუსს ან ევროპულ დღის წესრიგს. ერთადერთი ის ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას" რუსეთთან და ორბანთანაც მოლაპარაკებები ექნება, რომლის შინაარსსაც დღეს ვერ გავიგებთ, რადგან ეს არაგამჭვირვალე პროცესია",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე უპასუხა კითხვას, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ და „იმ თემებზე დროის დახარჯვა, რასაც ივანიშვილი მოიგონებს და კობახიძეს ათქმევინებს, არასწორია".

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს, ხოშტარია ამბობს, რომ სურს „ნაცმოძრაობა" სწრაფად მოვიდეს ფორმაში, რათა „სისტემასთან ბრძოლაზე" გადაერთონ.

„სამზარეულოს მხოლოდ ჩემსას ვიცნობ, სახლში. ამიტომ ვერ ვიტყვი, რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით. არანაირი დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად იყოს ფორმაში „ნაციონალური მოძრაობა" და ნებისმიერი ის ხალხი, ვისაც ენერგია აქვს „ქართულ ოცნებასთან" და რუსულ ინტერესებთან ბრძოლის, რომ გადავერთოთ სისტემასთან ბრძოლაზე. ესაა ჩემი სურვილი და მოლოდინი. ყველას მოგვიწევს გარკვეული ტიპის თანამშრომლობა. განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომ „ნაცმოძრაობასთან" საარჩევნო კოალიციაში არ შევალთ, თუმცა ამ ბრძოლაში მთელი რიგი საკითხებია, სადაც აუცილებელია, კოორდინაცია გვქონდეს. ამიტომ, ვისურვებდი, რომ მალე მიიღოს ამ დაპირისპირებამ თავისი სახე. გავიგოთ, ვინ სად მიდის და ვინ სად რჩება და გადავეწყოთ „ქართულ ოცნებასთან" ბრძოლის ფორმატში",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×