რეზონანსი
05.12.2023

„150 ადგილზე პარლამენტში თუ ოპოზიციას სურს მთავრობის ფორმირება და ხელისუფლების შეცვლა, სულ მცირე 76 ადგილი უნდა მოიპოვოს. არსებული რეალობით დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს ოპოზიციას ამის გაკეთება უბრალოდ გაუჭირდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

„ნებისმიერი წინასაარჩევნო ბატალია, თავისთავად პოლიტიკური მარკეტინგი თავისებური შეჯიბრია. ამ პოლიტიკური მარკეტინგის ნაწილია საინფორმაციო პოლიტიკაც, რითაც არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი დაპირებები გაახმოვანონ. თუ დასავლეთის ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, კონკურენცია დიდწილად სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე იგება, მაგალითად გადასახადების დაწევაზე, საპენსიო ასაკზე, უმუშევრობის შემცირებაზე და განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური შოკის შემდეგ ჯანდაცვის პროგრამებზე, ჩვენი სინამდვილე ცოტა განსხვავებულია.

რასაც ჩვენ ვხედავთ, ცალკეული პოლიტიკური პარტიების განცხადებებიდან გამომდინარე, მათი დაპირებები სამწუხაროდ, სადღეგრძელოებს არ ცდება. როდესაც აანონსებ, რომ პენსიას გაზრდი 1000 ლარამდე, ამას ელემენტარულად ჯერ ბიუჯეტის პარამეტრები და შემდეგ ამ ხარჯებში აღნიშნული მუხლის შეტანა მაინც უნდა განმარტო, ან როდესაც საფონდო ბაზრის პრიორიტეტებზე სვამ აქცენტებს, ანალოგიურად თუ რა სახის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უნდა განხორციელდეს ესეც უნდა იყოს განმარტებული, იგივე შეიძლება ითქვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ა.შ.

დებატებიც ამის შემდეგ შეიძლება შედგეს ოპონენტების მხრიდან ან თუნდაც საექსპერტო დონეზე, თუ რამდენად რეალურია აღნიშნული ხედვები კონკრეტულ დროში განსახორციელებლად იქნება ეს ეკონომიკის და ბიუჯეტის ზრდა თუ ცალკეული პროგრამების დაფინანსების მოსალოდნელი ეფექტი.

სხვა დანარჩენი ამ ყველაფრის გარეშე არის უბრალოდ პოპულიზმი და საკუთარი ამორჩევლის უპატივცემულობა. გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს თავისებური ჰანდიკაპი. მართალია ის არის პასუხისმგებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, მაგრამ ამასთანავე ადგენს და მართავს ბიუჯეტს, და არჩევნების წინ ელექტორალურად მიმზიდველი გადაწყვეტილებებიც შეიძლება მიიღოს, რაც არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეიძლება მოვიყვანოთ, გნებავთ აშშ-ის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების.

როდესაც გსურს შეცვალო ხელისუფლება, ჯერ უნდა გახდე თავად ამ ხელისუფლების ალტერნატივა და რაც მთავარია, თავად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დაარწმუნო ამაში.

ახლა მე ვსვამ ძალზე მარტივ კითხვას, თუნდაც ბოლო 3 წელიწადში ანუ ყველაზე რთული, კოვიდ პანდემიური შოკის თანმდევ პერიოდში, რომელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დააყენა ასე საკითხი? განვმეორდები, ნებისმიერ ინიციატივას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება ფინანსურიც და საკანონმდებლოც. რაც ჩვენ ვიხილეთ ეს იყო უხვი დესტრუქცია და პერფომანსები, პარლამენტში თუ მის გარეთ.

რაც შეეხება პოლიტიკურ განტოლებას: 150 ადგილზე პარლამენტში თუ ოპოზიციას სურს მთავრობის ფორმირება და ხელისუფლების შეცვლა, სულ მცირე 76 ადგილი უნდა მოიპოვოს. არსებული რეალობით დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს ოპოზიციას ამის გაკეთება უბრალოდ გაუჭირდება.

NDI-ის ახალი გამოკითხვის შედეგებიდან ვიგებთ, რომ უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს და მოსახლეობის უმრავლესობის, 51%-ის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ, და რაც ასახავს იმ მწარე რეალობას, რომ ოპოზიცია ვერ ახორცილებს ხელისუფლებასთან ეფექტურ ოპონირებას. ფაქტიურად იგივე სურათია კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის IRI -ის ბოლო კვლევის მიხედვითაც.

შესაბამისად, თუნდაც ამ ბოლო კვლევებით "ქართულ ოცნებას" აქვს 25 %-მდე მხარდაჭერა, ნაციონალურ მოზრაობას სადთაც 13 %-ის ფარგლებში, ხოლო სხვა ოპოიზიციურ შედარებით რეიტინგულ 2-3 პარტიას 3-4 %-ის ფარგლებში ანუ ვერც ერთი პარტია ვერ ლახავს 5 %-იან ბარიერს და შესაბამისად, პარლამენტის მიღმაც ჩება.

აღნიშნული კვლევების შედეგებს თავი, რომც დავანებოთ, და დავუშვათ ოპოზიციისათვის ოპტიმისტური სცენარისას, რომ 2 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა 5 _იანი ბარიერი და ჯამში აიღო 10%, ეს არის 15 ადგილი პარლამენტში, ხოლო "ქართული ოცნება" ასევე მისთვის ყველაზე ნეგატიური სცენარისას იღებს არჩევებზე ცნობილ საბარიერო 43 %-ზე ნაკლებს, ვთქვათ 41%-ს, რაც არის 61 ადგილი, ნაციონალური მოძრაობა, თავის ბოლო წლებში ნაჩვენებ 25 %-ს , რაც არის -37 ადგილი, დარჩენილი ხმების ანუ 150-113=37 ადგილის პროპორციული გადანაწილებით გამოვა, რომ "ქართულ ოცნებას" დაემატება 15 ადგილი და გაუხდება 61+15=76 ადგილი, რაც საკმარისია მთავრობის შესაქმნელად ყოველგვარი კოალიციის გარეშე ანუ კოალიციის ალბათობა დადგება იმ შემთხვევაში თუ მმართველოი პარტია 41 %-ზე ნაკლებს მიიღებს და ასეთი დაშვებისას მას მთავრობის შესაქმნელად რომელიმე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მხარადჭერა დასჭირდება.

მაგრამ კითხვა სულ სხვანაირად უნდა დაისვას-როდესაც ოპოზიციური პარტიები უნისონში გაიძახიან, რომ მათი მიზანი მმართველი ძალის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა, თუ ისინი ნაციონალებთან არ შეკრავენ ალიანსს, როგორ აპირებენ "ქართული ოცნების" თამაშგარეთ დატოვებას, თუნდაც 10 %-ით? თორემ თუ რეალისტები ვიქნებით ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ოცნებამ 41 პროცენტზე მეტი ვერ აიღოს", - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×